English / ქართული / русский /
ნინო ბიწაძე
საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების

ანოტაცია

საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ხაფანგი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად იქცა დღევანდელ მსოფლიოში, რადგან 1960 წლიდან მოყოლებული, 101 საშუალო განვითარების მქონე ქვეყნიდან მხოლოდ 13 ქვეყანამ მოახერხა გამხდარიყო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, რადგან ის უკვე რამდენიმე წელია, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საშუალო განვითარების მქონე ქვეყნების რიცხვში შედის.

საკვანძო სიტყვები: საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ხაფანგი, ეკონომიკურის წონასწორობა, “ხაფანგის” გამომწვევი ინდიკატორები, ეკონომიკური პოლიტიკა.

შესავალი

თანამედროვე ლიტერატურა ეკონომიკური ზრდის პროცესს განიხილავდა როგორც ექსპონენციალურს, მაგრამ 2005 წლიდან აქტუალური გახდა საშუალო განვითარების მქონე ქვეყნების ე.წ.  „ხაფანგში გაბმის“ საკითხის შესწავლა.

საშუალო განვითარების მქონე ქვეყნების ხაფანგი არის ფენომენი, რაც ახასიათებს სწრაფად მზარდ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ზრდას ამცირებენ ეკონომიკური ზრდის საშუალო დონის მიღწევის შემდგომ.

ემუქრება თუ არა საქართველოს ზემოაღნიშნულ ხაფანგში გაბმის საკითხი? ეს ის ძირითადი აქტუალური კითხვაა, რომელიც შესაძლოა საქართველოს წინაშეც დადგეს და რომელზეც  პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.

„ხაფანგში გაბმის“ შესაძლო მიზეზებად შეგვიძლია დავასახელოთ: იმიგრაციული ნაკადების ზრდა, არასაკმარისი ადამიანური კაპიტალი, ტექნოლოგიური პროგრესის შენელება, არასაკმარისად განვითარებული ინფრასტრუქტურა, არასაკმარისად განვითარებული ფინანსური ბაზარი და სხვა [1,2017].

მსოფლიო ბანკი ქვეყნების ეკონომიკის კლასიფიცირებას მთლიანი ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით (GNI per capital-Atlas Method) ახდენს. ამ ინდიკატორის მიხედვით ის ქვეყნებს ოთხ ჯგუფად ჰყოფს: დაბალი შემოსავლის (low-income) მქონე ქვეყნები - მეშ-ი მოსახლეობის ერთ სულზე 1,035 $ ან ნაკლები უნდა იყოს; დაბალ- საშუალო შემოსავლის (lower-middle-income) მქონე ქვეყნები - 1,036$ - 4,085$; ზედა-საშუალო შემოსავლის (upper-middle-income) ქვეყნები - 4,086$-12,615$; და მაღალი შემოსავლის (highincome) მქონე ქვეყნები-12,616$ და მეტი,[1] აქედან, დაბალ და დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს განვითარებად ქვეყნებს უწოდებენ. იმისთვის, რომ საქართველომ დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფში მოკლე დროში გადაინაცვლოს, ამისთვის მისი მშპ-ს მაღალი რეალური ზრდის ტემპია საჭირო.

 

ნახაზი 1. საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე 1992-2015 წლებში.

***

მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, 1960 წლიდან მოყოლებული, 101 საშუალო განვითარების მქონე ქვეყნიდან მხოლოდ 13 ქვეყანამ მოახერხა გამხდარიყო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე. მათგან მხოლოდ ხუთი იყო აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან. ესენია: იაპონია, კორეა, ტაივანი, ჩინეთი და სინგაპური.

ნაშრომში „ზედის შემცირება და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ხაფანგი,“ რეზიდუალი განსაზღვრულია, როგორც ნარჩენი რაოდენობა, რომელიც მიიღება რეალური ზრდის ტემპსა და შეფასებული მოდელის ზრდის ტემპს შორის სხვაობით. დადებითი რეზიდუალი ნიშნავს, რომ ქვეყანა იზრდება მოსალოდნელზე სწრაფად, ხოლო უარყოფითი რეზიდუალი გულისხმობს საწინააღმდეგოს [3].

მოდელში i წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც განიცდის ზრდის ტემპის შენელებას t პერიოდში თუ სრულდება შემდეგი ორი პირობა:

                                               

მოდელში p (0.20) აღნიშნავს რეზიდუალების ემპირიულ განაწილებას დროის ერთი მონაკვეთიდან მეორეზე 20% სანდოობით. პირველი განტოლება გვეუბნება, რომ დრო  t-1 და  t  შორის ქვეყნის რეზიდუალი გახდა უფრო მცირე. ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად: პროგრესული, ახლოს სტაგნაციასთან და რეგრესული ქვეყნები. სხვა სიტყვებით, ჩვენ ახლა შეგვიძლია იდენტიფიცირება მოვახდინოთ მდგომარეობის, საიდან გამომდინარეც საშუალო განვითარების მქონე ქვეყნები შესაძლოა გაებან ხაფანგში. ძირითადი შედეგების გადახედვის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუციები, დემოგრაფიული პრობლემა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო და პოლიტიკა და ფინანსური განვითარების დონე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტები ქვეყნის განვითარებისთვის. მონაცემებზე დაყრდნობით ისინი შეგვიძლია ქვეყნის ხაფანგში მოხვედრის  მთავარ ინდიკატორებად დავასახელოთ.

ინსტიტუცია - უკვე დიდი ხანია აღიარებულია რომ ქვეყნის ინსტიტუტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. მაგრამ, ბოლო დროს სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციების ანალიზს. ეკონომისტები უკვე მრავალი წელია კამათობენ ინსტიტუციების მნიშვნელობაზე. ისინი ცალსახად ამტკიცებენ, რომ ქვეყნის სამართლებრივი ინსტიტუტების ხარისხმა, მაგალითად, როგორიცაა გარე ინვესტორების სამართლებრივი დაცვა, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქვეყნის ფინანსურ განვითარებაზე [7,2008].

დემოგრაფია - როგორც ეს ზრდის თეორიაშია აღწერილი, დემოგრაფია ითვლება ეკონომიკურის ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად. დემოგრაფიული ცვლადის ქვეშ განვიხილოთ სამი კატეგორია: 1. მთლიანი მოსახლეობის თანაფარდობა დასაქმებულებთან; 2. სამუშაო ასაკის ზრდის მაჩვენებელი; 3. მოსახლების თანაფარდობა დაქორწინებულ მოსახლეობასთან სქესის მიხედვით. პირველი ორი კატეგორია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ეკონომიკური ზრდისთვის.

ინფრასტრუქტურა - ქვეყნის ინფრასტრუქტურას გააჩნია დადებითი ექსტერნალიები, ის ძირითადად  წარმოადგენს საზოგადოებრივ პროდუქტს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ინფრასტრუქტურაზე საუბრისას უნდა განვიხილოთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება: კავშირგაბმულობა, ელექტროენერგია და საგზაო ინფრასტრუქტურა. მიუხედავად ფინანსური თუ ტექნოლოგიური ბაზრების გახსნილობისა, მრავალი განვითარებადი ქვეყანა არათუ ვერ ახერხებს ტექნოლოგიური მოწყობილობებით განვითარებული ქვეყნების დაწევას, პირიქით, მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნები ინოვაციებით დღითიდღე ხვეწენ საკუთარი წარმოების მეთოდებს, განვითარებად ქვეყნებში არსებული ტექნოლოგიური დანადგარებიც კი დიფუზიას განიცდის, ძველდება და შორდება თანამედროვე სტანდარტებს. აღნიშნული დანადგარებით ნაწარმოები საქონელი კი, გარდა იმისა, რომ ძვირი ჯდება და არარენტაბელურია, როგორც წესი, საერთაშორისო სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს და, შესაბამისად, არაკონკურენტულია.

მაკროეკონომიკური გარემო და პოლიტიკა - მაკროეკონომიკური ცვლადები პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან და გავლენას ახდენენ მასზე. ეკონომისტები განასხვავებენ მოკლევადიან ეკონომიკურ სტაბილიზაციას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკური ზრდის ცნება პირდაპირ ეხება გრძელვადიან ზრდას; მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდის ვარიაცია გენერირდება ბიზნესციკლში და თითქმის ყველა ეკონომიკა განიცდის პერიოდულ რეცესიას. ციკლი შეიძლება იყოს არაერთგვაროვანი, რადგან რყევები არასოდეს არის ერთნაირი. ამ რყევების ახსნა  მაკროეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები, ბუნებრივი ეკონომიკური ციკლები, ზრდისა და კლების ტენდენციები მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების საკითხებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. არასწორად გააზრებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგების ასაცილებლად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალისა და მიმართულების სწორად შეფასება და გააზრება.

ფინანსური ინსტიტუტების და ბაზრების განვითარების დონე - ქვეყნის ფინანსური განვითარების დონე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წინამძღვარს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მიმართულებით. კარგად ფუნქციონირებადი ფინანსური სისტემა  უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობაში. ამ მიმართულებით, ჩვენი ნაშრომისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოთხი ძირითადი ინდიკატორი: 1. ფინანსურ ბაზარზე არსებული კერძო ბანკების რაოდენობა; 2. კერძო დანაზოგის მიმართება GDP-თან ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრების მოცულობის დასადგენად; 3. დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი; 4. ბანკის მიერ გაცემული კრედიტის თანაფარდობა ბანკის დეპოზიტებთან.

ზემოთ განხილული ქვეყნებიდან, რომელთაც შეძლეს „ხაფანგიდან“ თავის დაღწევა, შესაძლოა გარკვეული რეკომენდაციების მიღება. პირველი, მათ ყველამ წარმატებულად მოახერხეს მოწინავე ინფრასტრუქტურის განვითარება. ქვეყნებმა, რომელთაც აქვთ ექსპორტზე ორიენტირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების აღჭურვილობის ინდუსტრია (იაპონია, კორეა, ტაივანი), შეძლეს მძიმე მრეწველობის განვითარება ამ მიმართულებით. მეორე, რითაც თავი დააღწიეს ხაფანგს, იყო უცხოური ტექნოლოგიების მიმართვა ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისკენ.

საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ხაფანგი არ წარმოადგენს გაუთვალისწინებელ შედეგს. ქვეყნის მთავრობას შეუძლია ხაფანგის თავიდან აცილება თუ ზომებს ადრეულ სტადიაში მიიღებს და არა მაშინ, როდესაც სარგებელი იაფი მუშახელის, შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ახალი უცხოური ტექნოლოგიიდან უკვე ამოწურულია. თავის არიდება გულისხმობს დროული პოლიტიკის გატარებას ინფრასტრუქტურის, საკუთრების უფლებების დაცვის, შრომის ბაზრის მიმართულებით [4,2012].

დასკვნა

ისტორიული გამოცდილება და ემპირიული მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ საშუალო განვითარების დონიდან მაღალი განვითარების დონემდე ტრანსფორმაციას გარკვეული დრო სჭირდება და  ქვეყნის პოლიტიკის გამტარებლებისგან საჭიროებს განახორციელოს მტკიცე, მყარი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომ შენარჩუნებული იყოს ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური მამოძრავებელი. ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა დონე მოითხოვს სხვადასხვაგვარი პოლიტიკის გატარებას და სწორე რეფორმა ხშირად დიდ დროს მოითხოვს ეკონომიკაზე გავლენის მოსახდენად [6,2016].

“ხაფანგიდან“ თავის დაღწევის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ასევე ინვესტიციების ზრდა მოწინავე ინფრასტრუქტურის და განსაკუთრებით, მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი საკომუნიკაციო ქსელის განვითარების მიმართულებით. კარგი ხარისხის ინფორმაციული და კომუნიკაციის არხების ინფრასტრუქტურა  უმთავრეს როლს თამაშობს ინოვაციების ხელშეწყობაში.

ქვეყნებს, რომელთაც საშუალო შემოსავალი აქვთ,  „ხაფანგიდან“ თავის დასაღწევად უნდა გააფართოვონ ეკონომიკის ახალი, თანამედროვე სექტორები. ეს მოგვცემს პრაქტიკულ შედეგს, როდესაც ტრადიციული სექტორიდან, სადაც დაბალია შრომის პროდუქტიულობა, სამუშაო ძალა გადაინაცვლებს ახალი, მაღალი პროდუქტიულობის მქონე სექტორში. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ქვეყანა მიემართება საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ხაფანგისკენ. მაგრამ, ეს პროცესები, რაც გულისხმობს სტრუქურულ რეფორმას, შესაძლოა იყოს სახიფათო: რეფორმა შესაძლოა იყოს ძალიან რთული და მოითხოვდეს დიდ დროს. მაგრამ, ამავე დროს, შესაძლოა იყოს სწრაფი და მარტივი, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის  მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურაზე, ფინანსურ ბაზრებზე, ინსტიტუციებზე. [5,2013] რაც შეეხება საქართველოს, ის 2015 წლიდან, მსოფლიო ბანკის კლასიფიკატორის მიხედვით, წარმოადგენს საშუალო განვითარების მქონე ქვეყანას. მართალია, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, ემუქრება თუ არა ქვეყანას „ხაფანგში“ გაბმის საფრთხე, მაგრამ წინასწარ პოლიტიკის გატარება, რომლის კარგი მაგალითია ზემოაღნიშნული სხვა ქვეყნების პრაქტიკა, თავის დაზღვევის საშუალებას იძლევა.

დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ისტორია განსხვავებულია, მაგრამ მთავარი პოსტულატები ყველასთვის იგივე რჩება. პოლიტიკის გამტარებლებმა კრიტიკულად უნდა შეაფასონ თავიანთი ზრდის სტრატეგიები, რომ აღმოაჩინონ პროდუქტიულობის ზრდის ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც უმთავრეს წყაროს წარმოადგენს  ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ხაფანგის საუკეთესო გააზრებაა ის, რომ ეს მდგომარეობა უნდა გავიგოთ არა როგორც გარდამავალი პოზიცია, არამედ როგორც სტაბილური მდგომარეობა. მთავარ საკითხს ამ შემთხვევაში წარმოადგენს არა მხოლოდ ის, თუ რა იწვევს ზრდის შენელებას, არამედ ის, თუ რა პოლიტიკა უნდა აირჩიონ პოლიტიკის გამტარებლებმა თუ ზრდის ტემპი უკვე შენელებულია და ქვეყანა გადასულია წონასწორულ მდგომარეობაში.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. Xuehui Han, Shang-Jin Wei, 2017, Re-examining the middle-income trap hypothesis (MITH): What to reject and what to revive? Journal of International Money and Finance;
  2. Shekhar Aiyar, Romain Duval, Damien Puy, Yiqun Wu, and Longmei Zhang, 2013, Growth Slowdowns and the Middle-Income Trap, IMF Working Paper;
  3. Anna Jankowska, Arne J. Nagengast and José Ramón Perea, 2012, The Middle-Income Trap: Comparing Asian and Latin American Experiences, OECD DEVELOPMENT CENTRE, Policy Insights;
  4. Pierre-Richard Agénor, Otaviano Canuto, and Michael Jelenic, 2012, Avoiding Middle-Income Growth Traps, Economic Premise, number 98;
  5. Aaron Flaaen, Ejaz Ghani, and Saurabh Mishra, 2013, How to Avoid Middle-Income Traps? Evidence from Malaysia, POVERTY REDUCTION AND ECONOMIC MANAGEMENT (PREM) NETWORK;
  6. Greg Larson, Norman Loayza, Michael Woolcock, 2016, The Middle-Income Trap: Myth or Reality? Research Policy Briefs From the World Bank Malaysia Hub;
  7. Bussiere, Fratscher, 2008, Financial Openness and Growth: Short-run Gain, Long-run Pain;
  8. http://data.worldbank.org/indicator/NY.GNP.PCAP.CD;


[1] http://data.worldbank.org/indicator/NY.GNP.PCAP.CD